ბაგრატის ტაძარი ახალი

Friday, May 14, 2010

ბაგრატის ტაძარი

იტარეთის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, ბაქნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისგან შედგება. ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს. მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება და ზედმიწევნით მსგავსებას ამჟღავნებს ამავე პერიოდის ბეთანიის, ქვათახევის, ახტალის და სხვა ტაძრებთან. აღნიშნულ ეკლესიებში ცენტრალურ სივრცეს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი, რომელიც შექმნილია თავისუფლად მდგომი ორი სვეტითა და საკურთხევლის კედელთან შეზრდილი წყვილი პილონით. ტაძარი კვადრატული გეგმით გამოირჩევა. მას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან. ინტერიერში მისი მასშტაბები კიდევ უფრო შემცირებულია ოდნავ შეისრული თაღების საშუალებით. ამ თაღებისა და ოთხკუთხა კომპაქტური სივრცის გამო, ნაგებობის შიგნით ძალზე მყუდრო გარემო იქმნება.

ტაძრის ფასადები XI-XII საუკუნეების ეკლესიათაგან განსხვავებით არ არის მთლიანად დაფარული კედლის თაღედებითა და განუწყვეტელი დეკორატიული ელემენტებით, აქ მხოლოდ ნიშები და ღიობებია დეკორით აქცენტირებული, რის გამოც ტაძრის გარეგნული სახე ძალზე მხატვრულია. ფიტარეთის ტაძრის მთელი შიდა სივრცე დაფარულია კედლის მხატვრობით, ფრესკები ამჟამად ძალზე დაზიანებულია და ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა - „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. (გ.ჩიტაია). ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა (61), და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ (17). ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა ე (5) და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა.

No comments:

Post a Comment